შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.12.2013
საქმის ნომერი
260აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№260აგ-13 19 დეკემბერი, 2013 წელი

მ-ი ი.- 260აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ი. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა იმავე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ი. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ი. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

მსჯავრდებული ი. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ამასთან დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რომლებიც მან არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა, უდავოა ის გარემოება, რომ ი. მ-ის მიერ სსკ-ის 236-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე არ არის დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. მ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ:

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 9 თვე და მას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ი სასჯელს იხდის 2010 წლის 22 მაისიდან იგი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 9 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი