დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №321აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ე დ., 321აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 11 თვე, 22 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით, 11 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 23 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 2 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა დ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 1 თვე, 11 დღე და დ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 23 სექტემბრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, დ. მ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. მ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი დ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე