საზედამხედველო

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
334აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №334აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

ი-ე ი., 334აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ი. ი-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ი. ი-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3500 ლარი. დანაშაულთა ერთობლიობით ი. ი-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3500 ლარი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით ი. ი-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. ი-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ი. ი-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან, შესაბამისად – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. ი-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენი და 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ი-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ი-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა 2006 წლის 17 და 21 დეკემბერს, ანუ თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გამოტანამდე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ი. ი-ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე.

ამდენად, ი. ი-ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას ამავე განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ი-ეს ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2007 წლის 4 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ი. ი-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ამავე განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ი-ეს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2007 წლის 4 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებული ი. ი-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე