დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №350აგ-13 9 დეკემბერი, 2013 წელი
ო-ი ლ., 350აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ლ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 8 წლით, ხოლო 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. ო-ს განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4500 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ლ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 4 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ო-ს განესაზღვრა 12 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 27 მაისს მსჯავრდებულმა ლ. ო-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ო-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი და 6 თვე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელებიდან – 9-9 თვე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი და ლ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 თებერვლიდან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ლ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმებას და საბოლოო სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ლ. ო-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ო-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი ლ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე