დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
550აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№550აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

ბ-ე ლ, 550აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით, 4 თვითა და 27 დღით, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი, 4 თვე და 27 დღე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის, 4 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერველის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. ბ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; ლ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენით, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელიდან ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი ვადის გათვალისწინებით, მოსახდელი დარჩა მხოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით დადგენილი სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისისა და 2010 წლის 10 ნოემბრის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელიდან ლ. ბ-ს მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. ბ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი