დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №568აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი ვ-ი ნ., 568აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის განაჩენით ნ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ვ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 2 დეკემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. ვ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 9 თვით პირობითი სასჯელი, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა ნ. ვ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ვ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის განაჩენი და 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ნ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი ნ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე