დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
580აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №580აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი

ჩ-ე გ., 580აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 23 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ პუნქტებით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და გ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 2 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით შეიცვალა: გ. ჩ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება და დანიშნული სასჯელი; მასვე სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ პუნქტებით მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 2 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა გ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჩ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის რეციდივის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელი ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვრა.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მსჯავრდებულ გ. ჩ-ისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი გ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე