დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.12.2013
საქმის ნომერი
581აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№581აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი

ე-ი ზ.- 581აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განაჩენით ზ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 5 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განაჩენით ზ. ე-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.

ზ. ე-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ზ. ე-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ ჩაეთვალა პირობით და განაჩენთა ერთობლიობით ზ. ე-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 30 აპრილიდან. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ე-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ე-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 273-ე მულით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა. ზ. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. ზ. ე-ს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ზ. ე-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის თაობაზე ზ. ე-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, შესაბამისად, სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ზ. ე-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი ზ. ე-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი