დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№589აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი
ხ-ი ო, 589აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ო. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; ასევე სასჯელის მოხდილ ნაწილში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 3 თვე და 14 დღე. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 ივნისიდან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველოს კანონის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ო. ხ-ი გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის - 4 წლის, 8 თვისა და 16 დღის (რაც დამატებული ჰქონდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს) მოხდისაგან. ამავე განჩინებით ერთი მეოთხედით შეუმცირდა: ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ო. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ო. ხ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებულ სასჯელს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან – 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ ო. ხ-ს განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 ივნისიდან. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ო. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, ო. ხ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ხ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი