დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №612აგ-13 16 დეკემბერი, 2013 წელი
გ-ი ა., 612აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 29 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 3 წლით, 10 თვითა და 29 დღით პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 4 მარტიდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, 11 თვე და 6 დღე – ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინებით შეიცვალა: ა. გ-ის სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლის, 11 თვისა და 22 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, 11 თვე და 7 დღე – ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლით, 3 თვით, 23 დღით თავისუფლების აღკვეთასა და 2 წლით, 11 თვით, 7 დღით პირობით მსჯავრს – დაემატა დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 8 თვე, 6 დღე და ა. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წლით, 11 თვითა და 6 დღით პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენი და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ა. გ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე