დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №675აგ-13 17 დეკემბერი, 2013 წელი
გ-ი ა., 675აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2 ეპიზოდი), 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. გ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 375-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 7 თვე, 5 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით, 7 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, 7 თვე და 5 დღე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 სექტემბრიდან.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 7 თვე, 5 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 21 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ: ა. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 4 თვე, 5 დღე და განაჩენთა ერთბლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ა. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 375-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განაჩენთა ერთობლიობით ა. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 2 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 21 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენი (თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განჩინების გათვალისწინებით) და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ასლან გაუარაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენის გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულ ა. გ-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე