დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №678აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ა ლ., 678აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ლ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 20 წლით, მე-19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 14 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 28 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი; განაჩენიდან ასევე ამოირიცხა სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, როგორც არასწორად წარდგენილი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის დადგენილებით ლ. მ-ას ამნისტიის აქტით გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ლ. მ-ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 7 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 17 წელი, 8 თვე, 3 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. მ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; ლ. მ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებით შეიცვალა: ლ. მ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა და ლ. მ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 30 მაისს მსჯავრდებულმა ლ. მ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ამავე განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 5 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთას – სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 2 თვე, 18 დღე და ლ. მ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 მარტისა და 13 მაისის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ლ. მ-ა და ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და არასწორად დამატებული 2 წლის, 2 თვისა და 18 დღის მოხსნას იმ მოტივით, რომ 2013 წლის 8 ივლისისათვის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღისათვის) ლ. მ-ას მთლიანად ჰქონდა მოხდილი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. მ-ას მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება შეესაბამება საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, სრულად შეეკრიბა დანიშნული სასჯელები.
მსჯავრდებულ ლ. მ-ას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი ლ. მ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე