დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
683აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№683აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

ბ-ი ლ, 683აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 30 ივლისიდან 2008 წლის 29 აგვისტომდე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:

ე. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» და მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან.

ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» და მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2008 წლის 30 ივლისიდან 2008 წლის 29 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ე. გ-ს ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ე. გ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ე. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ლ. ბ-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაევალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 30 ივლისიდან 2008 წლის 29 აგვისტომდე.

მსჯავრდებულებმა – ლ. ბ-ა და ე. გ-მ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენსა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრისა და 4 თებერვლის განჩინებებში შევიდა ცვლილებები, კერძოდ:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს (ამნისტიის გათვალისწინებით) - თავისუფლების აღკვეთას 4 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით - ნაწილობრივ დაემატა ამავე განაჩენით სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 30 ივლისიდან 2008 წლის 29 აგვისტომდე.

მსჯავრდებულ ე. გ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) - 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამავე განაჩენით სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენი და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრისა და 4 თებერვლის განჩინებები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ლ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, ლ. ბ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი