დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.12.2013
საქმის ნომერი
693აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №693აგ-13 16 დეკემბერი, 2013 წელი

კ-ი ლ., 693აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ლ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენით ლ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 მარტიდან.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ლ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ლ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით იმ მოტივით, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულ ლ. კ-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი ლ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე