დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№723აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ი ლ, 723აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 14 სექტემბერს ა/მანქანის უკანა ხედვის სარკეების ქურდობის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მან დანიშნული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 14 სექტემბერს ი. ბ-ს ა/მანქანის უკანა ხედვის სარკეების ქურდობის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მან დანიშნული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 14 დეკემბერს დ. ხ-ს ა/მანქანის უკანა ხედვის სარკეების ქურდობის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მან დანიშნული სასჯელიდან 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 14 სექტემბერს ს. ხ-ს ა/მანქანის უკანა ხედვის სარკეების, ა/მანქანის სათვალის, დისტანციური მართვის პულტის, სათადარიგო საბურავის ქურდობის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მან დანიშნული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2009 წლის 14 სექტემბერს ს. ხ-ს მართვის მოწმობის გატაცების ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და ლ. მ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მან დანიშნული სასჯელიდან 8 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. მ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის განაჩენის გადასინჯვა (სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. მ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი