დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№760აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი
ს-ი გ, 760აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მაისის განაჩენით გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
გ. ს-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და პატიმრობიდან გათავისუფლდა სხდომის დარბაზშივე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 118–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა - დაემატა ზემოაღნიშნულ სასჯელს. საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაეკისრა 2006 წლის მაისის განაჩენით დადგენილი დამატებითი სასჯელის - 2000 ლარი ჯარიმის - აღუსრულებელი ნაწილის - 1460 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო საამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 118–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 1 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან – 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - გ. ს-ს მოსახდელად დარჩა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 11 წლით, 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - მოსახდელად დარჩა 8 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 სექტემბრიდან.
2013 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ს-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 წლისა და 9 თვის ვადით - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 1 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 სექტემბრიდან. განაჩენი და განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ს-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ს-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი