დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№827აგ-13 18 დეკემბერი, 2013 წელი
დ-ი ზ, 827აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის განაჩენით ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–8 ნაწილით და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ამავე განაჩენით ჩათვლილია პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების - 3 წლით ჩამორთმევით, აგრევე პირობითად ჩათვლილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - პირობით თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, აგრეთვე - გამოსაცდელი ვადა 6 წელი და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით სსკ–ის 276–ე მუხლის მე–8 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით და განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ ზ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლისა და 3 თვის ვადით, აგრეთვე - პირობით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. დ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. დ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. დ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი