დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№830აგ-13 18 დეკემბერი, 2013 წელი
ჭ-ი ხ, 830აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ხ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის საფუძველზე ხ. ჭ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 6 ივლისიდან იმავე წლის 9 ივლისამდე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ხ. ჭ-ს საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ჭ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელები და განესაზღვრა შესაბამისად – 4 წლითა და 6 თვით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ხ. ჭინჭარაულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 9 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ ხ. ჭ-ს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი და 6 თვე. სხვა ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
2013 წლის 29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ხ. ჭ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელებიდან: მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ხ. ჭ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხ. ჭ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც პროპორციულად - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 6 ივლისიდან 2005 წლის 9 ივლისამდე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ხ. ჭ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ხ. ჭ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ. ჭ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი