დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№869აგ-13 25 დეკემბერი, 2013 წელი
ჯ-ე გ, 869აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 151-ე მუხლით - 1 წლით გამასწორებელი სამუშაო; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით (ადრე მოქმედი სსკ-ის 243-ე, 150-ე და 238-ე მუხლებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 4 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1999 წლის 2 დეკემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით, სულ - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 6 თვე, 22 დღე და განესაზღვრა 10 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 4 თვე, 25 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 7 თვითა და 27 დღით, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 4 თებერვლიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჯ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები - 1 წელი; 1 წელი და 6 თვე, რის შედეგადაც განესაზღვრა 9 თვით და 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 6 თვე, 22 დღე და განესაზღვრა 5 წლით, 8 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 6 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ჯ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წყალტუბოს სასამართლოს 1993 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული 9 წელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული 10 წელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს ვადა - 1 წელი და იგი განესაზღვრა 9 თვით; ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 7 თვე, 22 დღე და გ. ჯ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 11 სექტემბრიდან. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჯ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 აპრილის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი