საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 17.12.2013
საქმის ნომერი
1085აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.12.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№1085აგ-13 17 დეკემბერი, 2013 წელი

მ-ი გ.- 1085აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის განაჩენით გ. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 6 იანვრიდან 7 იანვრამდე და 2006 წლის 2 მარტიდან 29 მაისამდე. გ. მ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 1.500 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 8 თვე, 4 დღე და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი, 8 თვე და 4 დღე – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ ეპიზოდში განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2 თვე, 29 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლით, 9 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამ ნაწილში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და ამ მუხლით საბოლოოდ განესაზღვრა – 2 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, პირობითი სასჯელი – 3 წლით, 6 თვითა და 3 დღით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, პირობითი სასჯელი – 3 წლით, 6 თვითა და 3 დღით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 7 ივლისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებიდან ამოირიცხა მითითება გ. მ-ისთვის დაკისრებული ჯარიმის უცვლელად დატოვების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა გ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის – 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის ნაწილს – 3 წელს – დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის – 2 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთის და პირობითად ჩათვლილი სასჯელის – 3 წლის, 6 თვისა და 3 დღის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი, 6 თვე და 3 დღე პირობითად ჩათვლილი სასჯელი და გ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი, 6 თვე და 3 დღე – ჩაეთვალა პირობით. აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული მოუხდელი სასჯელის – 2 წლით, 9 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი, 6 თვე და 3 დღე – პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

გ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 ივლისიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 13 დეკემბერს შემოსული განცხადებით მსჯავრდებული გ. მ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი