არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 20.11.2024
საქმის ნომერი
ბს-605(კს-24)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-605(კს-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - გ.ქ-ე

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ლ.გ-ე, ნ.ა-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ქ-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით განსჯადობით განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’; ბ) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’; გ) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’; დ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 16 124 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, გ.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ქ-ის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით გ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით გ.ქ-ეს სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - დაევალა წარმოედგინა სასამართლოში უშუალოდ მისი ან შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობის (რწმუნებულების) მქონე ადვოკატის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. ამავე განჩინებით აპელანტს მიეცა 7 დღის ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად. 2024 წლის 25 მარტის განჩინების ასლი გ.ქ-ეს (პ/ნ ...) გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ბინა №... და ოჯახის წევრს, ლ.ფ-ს (პ/ნ...) ჩაჰბარდა - 2024 წლის 28 მარტს, 12:53:29 საათზე. შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 29 მარტს და დასრულდა 2024 წლის 4 აპრილს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ქ-ემ.

კერძო საჩივრის თანახმად, ხარვეზის შესახებ განჩინება სასამართლომ ქ. თბილისში, მოსარჩელის წარმომადგენელ - ლ.ფ-ის საცხოვრებელ მისამართზე გააგზავნა. შ.პ-ე ქ. ბათუმში ეწევა საადვოკატო საქმიანობას, რის გამოც მისთვის უცნობი იყო ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ 7-დღიან ვადის შესახებ. მან, ლ.ფ-ის მიერ მის სახელზე გაცემული განახლებული მინდობილობა სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილს წარუდგინა და საქმის განხილვის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა სასამართლოსგან სააპელაციო საჩივრის განუხილველობის შესახებ განჩინება მიიღო. მოსარჩელე დაინტერესებული იყო საქმის განხილვით, სასამართლო სხდომაზე მინდობილობაზე ვადის გასვლის საკითხი არ გაჟღერებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე ამ ხარვეზს დროულად აღმოფხვრიდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გ.ქ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით განუხილველი დარჩა გ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი და ამავე ვადაში არც ხარვეზის გაგრძელების შესახებ მიუმართავს სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ხოლო, მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარდგენილი არ იყო უშუალოდ აპელანტის ან შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობის (რწმუნებულების) მქონე ადვოკატის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარედგინა სასამართლოში უშუალოდ მისი ან შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობის (რწმუნებულების) მქონე ადვოკატის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინება გაეგზავნა გ.ქ-ეს (ტ. II, ს.ფ 240) სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ბინა №... აღნიშნული განჩინება 2024 წლის 28 მარტს ჩაბარდა ლ.ფ-ის (საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ.ფ-ი არის გ.ქ-ის შვილი (ტ.2. ს.ფ. 247, იხ. კერძო საჩივარი) და წარმომადგენელი (ტ.2. ს.ფ. 48-50)).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივრით სადავო არ არის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა აპელანტის მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №.., ბინა №... ასევე, სადავო არ არის, რომ გზავნილი გადაეცა ლ.ფ-ის, რომელიც არის აპელანტის შვილი და ამავდროულად წარმომადგენელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინება გაეგზავნა გ.ქ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე (ტ. II, ს.ფ. 239) და ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს - ლ.ფ-ის 2024 წლის 26 მარტს (კერძო საჩივრის თანახმად, ლ.ფ-ი არის გ.ქ-ის შვილი (იგივე მითითება აღნიშნულია 2024 წლის 22 მაისის გზავნილზე), რომელიც ამავდროულად არის მოსარჩელის წარმომადგენელი (ტ. II, ს.ფ. 247, 48-50)).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. კერძო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია, იმის შესახებ, რომ გზავნილი არ ჩაუბარებია ადვოკატს, რომელიც სხვა ქალაქში ეწევა საადვოკატო საქმიანობას და ხარვეზის შესახებ არ იყო ინფორმირებული - ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ შედავებად, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაქარწყლების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 29 მარტს და ამოიწურა 2024 წლის 4 აპრილს 24:00 საათზე. აღნიშნულ ვადაში გ.ქ-ეს არ შეუვსია დადგენილი ხარვეზი და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის (კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს, რომ ლ.ფ-ის მიერ შ.პ-ეზე გაცემული მინდობილობა სასამართლოში ელექტრონული ფოსტით გადააგზავნა 2024 წლის 29 აპრილს). შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-61-ე, 70-74-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია