დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.01.2014
საქმის ნომერი
546აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№546აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი

ბ-ი მ.- 546აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მ. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი -ჩაეთვალა პირობით.

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. ბ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, მ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წელი, 11 თვე და 20 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 30 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამასთან, ამ დროისათვის მოხდილი სასჯელისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის განკარგულების (შეწყალების) გათვალისწინებით, მ. ბ-ს დარჩენილი სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 4 თვისა და 19 დღის გამოსაცდელი ვადით;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით.

მ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით, 7 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 30 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა მ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას (2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი, ხოლო 2 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი) დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 30 მაისიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით (სასჯელის შემსუბუქება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, მ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი დაენიშნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. ბ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენი მ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი