დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.01.2014
საქმის ნომერი
667აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№667აგ-13 21 იანვარი, 2014 წელი

ჭ-ე ა.- 667აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით ა. ჭ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეხუთე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეექვსე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეშვიდე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მერვე ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ა. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ა. ჭ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2008 წლის 8 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ა. ჭ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ა. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 13 წლით, 1 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 1 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 წლით, 1 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა. ჭ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2008 წლის 11 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჭ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. ჭ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით (პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით) მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 4 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ა. ჭ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება ა. ჭ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ჭ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ჭ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა (2008 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს 2008 წლის 23 იანვარსა და 5 თებერვალს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (რვა ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებზე 2008 წლის 6 ივნისის განაჩენის გამოტანამდე.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. ჭ-ე გასამართლებულია 2003 და 2004 წლებში განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულების მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლითა (რვა ეპიზოდი) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით საბოლოო სასჯელის დანიშვნა სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებით შესაბამისობაშია 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან, კერძოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებთან.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ა. ჭ-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი ა. ჭ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი