დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №743აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი
ს-ი რ., 743აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 7 მარტიდან.
2013 წლის 1 ივლისს მსჯავრდებულმა რ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული რ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებას და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ხელახლა გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა მოთხოვნის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული რ. ს-ი სასჯელს იხდის საქართველოს სსკ-ის ერთი - 179-ე მუხლით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ რ. ს-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენით არ მომხდარა სასჯელთა რაიმე წესით შეკრება, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად დადგენილი საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის ახალი რედაქცია, მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე