დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.01.2014
საქმის ნომერი
751აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№751აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი

მ-ე ი, 751აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენით ი. მ-ე გამართლდა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 109–ე მუხლის „ა“, „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენი ი. მ-ს მიმართ და მის ნაცვლად დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ:

ი. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის „თ“, „ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და 11 დღე და საბოლოოდ ი. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2010 წლის 17 თებერვლიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 78–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 1 წლით, 5 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა; ამავე განაჩენით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 2 წლით, 6 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა; ამავე განაჩენით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 3 წლით, 5 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის „თ“, „ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემცირებული და განახევრებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. მ-ს განესაზღვრა 18 წლით, 1 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი – 4 წლით, 11 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 13 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 თებერვლიდან.

2013 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. მ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-ა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი