დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№755აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი
ვ-ე ა.- 755აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ა. ვ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით ა. ვ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 9 წლით;
სსკ-ის 184–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით;
სსკ-ის 184-ე მუხლის მე–3 ნაწილით -8 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, მსჯავრდებულ ა. ვ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ვ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 16 იანვრიდან.
(ა. ვ-ე ნასამართლევია: ხაშურის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 27 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხაშურის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 8 აპრილის განაჩენით სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენით სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია); ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე - 2003 წლის 4 ოქტომბერს).
იმავე განაჩენით მ. ს-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 9 წლით;
სსკ-ის 184–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით;
სსკ-ის 184-ე მუხლის მე–3 ნაწილით -8 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, მსჯავრდებულ მ. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 18 თებერვლიდან.
(მ. ს-ი მრავალჯერაა ნასამართლევი განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის. ბოლოს მსჯავრი დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (ძველი რედაქცია) ჩადენილი დანაშაულისათვის და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად; გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალებით, ვადაზე ადრე - 2003 წლის 17 ოქტომბერს).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განაჩენი შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან და შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულების - ა. ვ-ისა და მ. ს-ის ქმედებები საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ს-ს ¼-ით შეუმცირდა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელი - 15 წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 18 თებერვლიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ვ-ეს ¼-ით შეუმცირდა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელი - 15 წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ვ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 16 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულებმა – ა. ვ-ემ და მ. ს-მა, რომლებმაც ითხოვეს 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრისა და 24 იანვრის განაჩენების გადასინჯვა და სასჯელების განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრისა და 24 იანვრის განჩინებები დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა - ა. ვ-ემ და მ. ს-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება. ამასთან, მ. ს-მა ასევე ითხოვა უკანონო განაჩენის გაუქმება და სსკ-ის 184-ე მუხლის დეკრიმინალიზაციის გამო ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებით ცნობილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით ა. ვ-ესა და მ. ს-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით – ყაჩაღობაში, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელები უნდა შეიკრიბოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - ა. ვ-ისა და მ. ს-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელები სამართლიანია, შეესაბამება მათ პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება ან სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება. რაც შეეხება მ. ს-ის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის დეკრიმინალიზაციის გამო ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების - ა. ვ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების - ა. ვ-ისა და მ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. ქათამაძე