შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 21.01.2014
საქმის ნომერი
786აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №786აგ-13 21 იანვარი, 2014 წელი კ-ე დ., 786აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მიესაჯა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 7000 ლარი, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განაჩენით სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დ. კ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 23 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 7500 ლარი ჯარიმა. მსჯავრდებულს მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: დ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 16 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 19 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი. მსჯავრდებულს მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 მაისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები, ხოლო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 10 ივნისს მსჯავრდებულმა დ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და დ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. კ-ემ წინა განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, დ. კ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (გ. დ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და დ. კ-ეს უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ დ. კ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2009 წლის 29 მაისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

დ. კ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (გ. დ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და დ. კ-ეს განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ დ. კ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. კ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 29 მაისიდან.

მსჯავრდებული დ. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე