დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№957აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი
კ-ე ბ, 957აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ბ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ბ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული. სსკ–ის 67–ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ბ. კ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–67–ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. ბ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ოქტომბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით პროპორციულად შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით) საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელები. სსკ–ის 178–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით დანიშნული - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს და ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით დანიშნული - 2 წლით თავისუფლეიბს აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, რომელიც ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ ბ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა - 4 წელი და საბოლოოდ გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ.კ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი