დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№993აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი
ო-ი დ, 993აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განაჩენით დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - 1 წელი, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 20000 ლარი.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი, რაც შეეცვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ო-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
დ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი, გამოსაცდელი ვადა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა პირობითი სასჯელი - 3 წელი და 9 თვე, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით უფლებათა ჩამორთმევა დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს;
მსჯავრდებულ დ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს;
საბოლოოდ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 3 თვე, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს. დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - გამოაკლდა 1 წელი, რაც მან რეალურად მოიხადა;
საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ო-ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 27 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ო-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ო-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ო-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ო-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი