დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.01.2014
საქმის ნომერი
996აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№996აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი

ხ-ე ა 996აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ა.ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–3 ნაწილებით, მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 14 500 ლარი. ა. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2008 წლის 21 მარტიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ:

ა. ხ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 18, 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 18,179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236–ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–3 ნაწილებით, მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: ა. ხ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენი გაუქმდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში ა. ხ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს სსსკ–ის 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის 28–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს ამავე განჩინებით ა. ხ-ს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენი ა. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად და საბოლოოდ მას განესაზღვრა 24 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ა. ხ-ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 მარტიდან.

2013 წლის 31 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ხ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენითა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებულ სასჯელს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელიდან (4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელიდან (3 წლით თავისუფლების აღკვეთა) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 მარტიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ხ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ხ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი