დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1021აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი
ს-ი ვ, 1021აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენით ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეირიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ოქტომბრიდან. დანიშნულ სასჯელს დაემატა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლით, 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 13 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ოქტომბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ვ. ს-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 ოქტომბრის განაჩენითა და 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 1 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც დამატებული ჰქონდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განაჩენს; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ვ. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ს-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილებები იმ მიმართებით, რომ:
ვ. ს-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ–ის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 9 თვიდან - 5 თვე, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 7 თვე და ვ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 წელი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ოქტომბრიდან. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ვ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ვ. ს-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ს-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი