დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1030აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი
გ-ი მ, 1030აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 მაისის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით და საბოლოოდ მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული მ. გ-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული, როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 მაისის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. გ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. გ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ა პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი