დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1367აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი
გ-ე ი, 1367აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ი. გ-ს შორის. ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 25–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 339–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით, 5 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე და 13 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ–ის 25–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 339–ე მუხლის მე–2 ნაწილით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ ი. გ-ს განესაზღვრა 5 წლით, 5 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე და 13 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 5 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 25–ე მუხლის მე-3 ნაწილით, 339–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
სსკ–ის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით – შთანთქა სსკ–ის 25–ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 339–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 3 თვე.
2013 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულმა ი. გ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობაში მსჯავრდებული ი. გ-ე მიუთითებდა, რომ 2004 წლის 11 მაისს თბილისის პროკურორმა ვ. გ-ა წერილით მიმართა ვითომდა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ჯ-ს, რათა ი. გ-ს მიმართ აღეძრა საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა. იმავე დღეს გ. ჯ-მ, საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, მიიღო დადგენილება ი. გ-ს მიმართ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ. გ. ჯ-მ, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან მას არ ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რაც მსჯავრდებულისათვის ცნობილი გახდა 2013 წლის აგვისტოში, შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციით. მსჯავრდებულმა ი. გ-მ შუამდომლობას დაურთო მასალები, მათ შორის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 13 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი ი. ო-ი 2004 წლის მაისში მივლინებაში ან შვებულებაში არ ყოფილა, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 26 აგვისტოს წერილი, რომლის თანახმად, მითითებულ პერიოდში გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისათვის გენერალური პროკურორის მოვალეობის დაკისრების შესახებ ბრძანება საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში არ მოიპოვება. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევდა, რომ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ დადგენილება არის უკანონო და დაუშვებელი მტკიცებულება, რადგან იგი გამოიტანა არაუფლებამოსილმა პირმა, ხოლო მის მიმართ ჩადენილია მძიმე დანაშაული პირადი მოტივით, რის გამოც ითხოვდა განაჩენის გადასინჯვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ი. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული მოტივების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა, რომ პროკურატურამ ძალადობით, იძულებით, მუქარითა და დაშინებით შეძლო მისი დაყოლიება საპროცესო შეთანხმებაზე, ვინაიდან განაჩენის გამოტანისას სრულად იქნა დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. ამავდროულად ი. გ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია, რადგან მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ პროკურორებმა მის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული გარემოება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დასტურდებოდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა ი. გ-ს მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე