დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
1392აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1392აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

ბ-ა გ, 1392აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 41-42–ე მუხლების თანახმად, გ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტისა და 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - მთლიანად დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ გ. ბ-ს უნდა დასწყებოდა განაჩენის აღსრულების გამო მსჯავრდებულის დაკავების ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით ძებნილ მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ძებნილ მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული გ. ბ-ა დააკავეს 2013 წლის 12 ოქტომბერს.

2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ბ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით (სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა გ. ბ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის განაჩენი. ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ბ-ს სისხლის სამართლის საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე