დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№730აგ-13 25 თებერვალი, 2014 წელი
ვ-ი თ.- 730აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც თ. ვ-ი, ნასამართლევი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2.000 ლარი) - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენლი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შეკრების წესის გამოყენებით, თ. ვ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
თ. ვ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 19 აგვისტოდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით თ. ვ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 3 თვე დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 3 თვე დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შეკრების წესის გამოყენებით, თ. ვ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
თ. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 19 აგვისტოდან.
2013 წლის 17 მაისს თ. ვ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე თ. ვ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებით ცნობილია, რომ თ. ვ-ს, რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელები უნდა შეიკრიბოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ. ვ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი თ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი