შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 25.02.2014
საქმის ნომერი
752აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№752აგ-13 25 თებერვალი, 2014 წელი

ს-ი ტ.- 752აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ტ. ს-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით ტ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტებით - 9 წლით;

სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შეკრების წესით, ტ. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 16 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

ტ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტებით - 9 წლით;

სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შეკრების წესით, ტ. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ტ. ს-ს ¼-ით შეუმცირდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი -7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივნისის განაჩენით ტ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილს - 5 წელსა და 6 თვეს დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 5 წელი და საბოლოოდ ტ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივნისის განაჩენის თაობაზე ტ. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გადასინჯვით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ტ. ს-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რომელიც მან ჩაიდინა არასრულწლოვანების ასაკში.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

ამდენად, რადგან ტ. ს-ი პირველი ნასამართლობის პერიოდში იყო არასრულწლოვანი, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს, მას ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულისათვის სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ:

მსჯავრდებულ ტ. ს-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და 3 თვე, რის გამოც ტ. ს-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 16 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ტ. ს-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და 3 თვე, რის გამოც ტ. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 16 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი