დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.11.2024
საქმის ნომერი
ბს-384(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-384(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ო-ი

მესამე პირები - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ...ის ადმინისტრაციული ერთეული

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ო-იმა 2019 წლის 03 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/ო ბრძანების ბათილად ცნობა და თ. ო-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, თ. ო-ი დაიბადა ... წლის ...ს მცხეთის რაიონის სოფელ ...ში. ვინაიდან მოსარჩელის დედა - ნ. ბ-ე მუშაობდა ...ის სკოლაში, თ. ო-იმაც ზოგადი განათლება ...ის საშუალო სკოლაში მიიღო, თუმცა აღნიშნული ფაქტი მათ არ უშლიდათ ხელს, ეცხოვრათ ...ში, რადგან სოფელი ...ი ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს ...თან. ამასთან, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსარჩელეს, სწავლისა და სამსახურებრივი ვალდებულების გამო, პერიოდულად უწევდა ახალგორის დატოვება, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი იყო ...ის მუდმივი მაცხოვრებელი, სადაც ჰქონდა საკუთარი ქონება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მამა - გ. ო-ი დასაქმებული იყო ახალგორის რაიონის გამგეობაში და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ...ში. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, თ. ო-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ...ის ადმინისტრაციული ერთეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/ო ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ. ო-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. ო-ისთვის სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომელთა თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (6.1 მუხ.) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო (4 მუხ. „გ“ ქვ.პ).

სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, თ. ო-ის ოჯახის წევრების: ნ. ბ-ეის, გ. ო-ის, ს. ო-ის და ლ. ო-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობებზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 20 აგვისტოს №1249 ცნობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის წერილზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 03 ივლისის №57 წერილზე, სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2023 წლის 15 სექტემბრის №83 ცნობაზე, სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2023 წლის 15 სექტემბრის №82 წერილზე და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონი მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და თ. ო-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ...ი არ იყო მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე.

საკასაციო საჩივრის თანახმად, თ. ო-ის საცხოვრებელ მისამართად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, უფიქსირდება მცხეთა, სოფ. ...ი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლის 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 5 19 00377454 წერილის თანახმად, თ. ო-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში, ...ს ქუჩის №...-ში. აღნიშნულს თან ერთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2019 წლის 29 იანვრის №26 წერილი, რომლის თანახმად, თ. ო-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში, ...ს ქუჩის №...-ში. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ...ში. მოსარჩელე დაიბადა მცხეთაში, საშუალო განათლება მიიღო მცხეთაში, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, სამსახურებრივი საქმიანობა დაიწყო და აგრძელებს თბილისში, ცხოვრობს ქ. თბილისში. თ. ო-ის საცხოვრებელ მისამართად (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით) უფიქსირდება მხოლოდ მცხეთა, სოფელი ...ი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად სიარულის ინტენსივობა და სამსახურში (ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი) სიარულის ინტენსივობა შეადგენდა კვირაში 5 დღეს, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით და საქმიანობით დაკავშირებული იყო არაოკუპირებულ ტერიტორიასთან. თავად მოსარჩელის განმარტება, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა მცხეთაში, ხოლო უმაღლესში სწავლის პერიოდში თბილისში, მიუთითებს მის მუდმივ ცხოვრებას არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ახალგორი - არ შეესაბამება რეალობას და მოგონილია მოსარჩელის მიერ მისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება ...ის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 26 დეკემბრის №247 ცნობას და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 9 იანვრის №2-0121 ცნობას, რომელთა თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ...ი ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო პერიოდულად ტოვებდა ...ს, აღნიშნული დოკუმენტების შინაარსი არ შეესაბამება რეალობას, მით უმეტეს, რომ მათში არ არის მითითებული მოსარჩელის მიერ ...ის დატოვების პერიოდულობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/ო ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილს, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ №ბს-858(2კ-20), 17.06.2021წ.).

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ. ო-ის ოჯახის წევრებს ნ. ბ-ეს, გ. ო-ის, ს. ო-ისა და ლ. ო-ის დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვთ 2009 წლის დეკემბერში, ხოლო თ. ო-ი არ არის რეგისტრირებული დევნილთა მონაცემთა ბაზაში ოჯახთან ერთად (სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.06.2023წ. წერილი). აღსანიშნავია, რომ თ. ო-ი 2008 წლის ომამდე შედიოდა გ. ო-ის ოჯახის შემადგენლობაში. აღნიშნული ოჯახის წევრები იყვნენ ასევე ს. ო-ი, ლ. ო-ი და ნ. ბ-ე (ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს 03.07.2023წ. წერილი). თ. ო-ი არ წარმოადგენდა სოფელ ...ის მუდმივ მაცხოვრებელ პირს 2008 წლის აგვისტოს ომამდე (სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 15.09.2023წ. №83 ცნობა). სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2023 წლის 15 სექტემბრის №82 წერილით თ. ო-ის ეცნობა, რომ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის პოლიციის კაპიტან დ. გ-ისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 29.01.2019წ. №26 წერილში მითითებული გარემოება, სოფელ ...ში 2008 წლამდე თ. ო-ის მუდმივად ცხოვრების შესახებ ეყრდნობოდა რეგისტრაციის ადგილის მონაცემებს.

კასატორის მითითება, რომ თ. ო-ი დაიბადა მცხეთაში, საშუალო განათლება მიიღო მცხეთაში, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, სამსახურებრივი საქმიანობა დაიწყო და აგრძელებს თბილისში იმთავითვე არ ადასტურებს მოსარჩელის ქ. მცხეთაში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილია სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ცნობა და წერილი, გარდა ამისა, საქმეში დაცულია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისში სახლი არ ჰქონდათ, თბილისში სწავლისა და მუშაობის პერიოდში სამსახურში დადიოდა ...იდან, ამასთან, ქალაქ თბილისში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ დარჩებოდა ნათესავებთან, ძირითადად კი, ბრუნდებოდა ახალგორში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა ქალაქში პირი შეიძლება გაემგზავროს სამუშაოს შესასრულებლად მუდმივი ადგილის შეუცვლელად, დროის განსაზღვრული პერიოდით და ამ დროს იგი ტოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ დროებით, კონკრეტული მიზნით - სამუშაოს შესასრულებლად და სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გეგმავდეს უკან დაბრუნებას. როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, თ. ო-ი ყოველდღიურად გადაადგილდებოდა ახალგორიდან ...ში სკოლაში სწავლის პერიოდში. ამდენად, ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს და მიიჩნევს, რომ დადასტურებულია მოსარჩელის ...ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაძლეული ვერ იქნა.

რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებით, დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა ჯამში 3000 ლარის ოდენობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა 300-300 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. ამდენად, კასატორის მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა