დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1306-1427-04 ას-1306-1427-04 17 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. მ-ის, ფონდ „მ-ის“ მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სამი წლის წინ მოსარჩელემ გაიცნო მოპასუხე ზ. მ-ი, რომელიც იყო ფონდი „მ-ის“ დამფუძნებელი; მან შესთავაზა, რომ რკინიგზის სადგურის გადასასვლელ ხიდზე ერთობლივად მოეწყოთ ბაზრობა. მოპასუხემ უთხრა, რომ შეეძლო იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ბაზრობის მოსაწყობად სათანადო სახსრები არ გააჩნდა, გ. მ-ემ შესთავაზა თანხის გადახდა, ბაზრობის ამუშავების შემდეგ კი გაასწორებდნენ ანგარიშს და გაინაწილებდნენ მოგებას.
მოსარჩელემ თავისი ფულით მოაწყო გადასასვლელ ხიდზე სავაჭრო დახლები და 50 მეტრის სიგრძეზე გადახურა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბაზრობის მუშაობის პერიოდში მოსარჩელე მიიღებდა მოგების 40%-ს, ხოლო მოპასუხე _ 60%-ს.
ერთობლივად მუშაობის პერიოდში ზ. მ-ი გ. მ-ისაგან სისტემატურად სესხულობდა თანხებს, რამაც ბაზრობის მოწყობის ხარჯებთან ერთად შეადგინა 4871 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამ ბაზრობაზე გ. მ-ემ მოიყვანა კონტროლიორი გ. კ-ე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გ. კ-ე და თვით გ. მ-ეც აღარ დაუშვეს ბაზრობაზე სამუშაოდ მოპასუხეებმა. გ. მ-ეს აღარ უხდიდნენ შეთანხმებულ თანხას _ ყოველდღიური შემოსავლებიდან 40%-ს. მოსარჩელემ 2001წ. 18 დეკემბრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტამდე განიცადა ყოველდღიურად 40 ლარის ზიანი, სულ _ 13000 ლარის ზიანი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 10000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე საქართველოს სსკ-ის 312-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად დადგენილად იქნეს ცნობილი იურიდიული ფაქტი იმის შესახებ, რომ რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე არსებული ბაზრობა გაკეთებულია მოსარჩელის მიერ მისი ხარჯებით და დღესაც ითვლება მოპასუხის პარტნიორად, რის გამოც სკ-ის 408-409-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელე აღდგენილ იქნეს ხსენებულ ბაზრობაზე პირვანდელ მდგომარეობაში და ამავე კოდექსის 411-412-ე მუხლების საფუძველზე დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელისათვის მიღებული შემოსავლის გადახდა.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: ზ. მ-ის და ფონდ „მ-ის“ მიმართ ზარალის ანაზღაურებისა და იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – გ. მ-ის სასარგებლოდ ზ. მ-ს დაეკისრა 871 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გ. მ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზის მქონედ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას დაეკისრა 555 ლარისა და 60 თეთრის გადახდა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის განჩინება გ. მ-ის წარმომადგენელს გ. ც-ს ჩაბარდა 2003წ. 12 ივლისს. შესაბამისად ხარვეზის შევსებით დადგენილი 5 დღიანი ვადა დამთავრდა 2003წ. 17 ივლისს. ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული, რაც სსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
გ. მ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება არც მას და არც მის რწმუნებულ ტ. ც-ს არ ჩაბარებიათ, რადგან ც-ი იმყოფებოდა სოფ.ში.
სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. მ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შედგენილია და ხელმოწერილია გ. მ-ის მიერ. გ. მ-ეს კი ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განჩინება არ ჩაბარებია, ამიტომ მის მიმართ არ იქნას გამოყენებული იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დადგენილი პირობები. ამის გამო სასამართლომ გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინება და გ. მ-ეს მიეცა უფლება, გადაიხადოს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით გ. მ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის განმავლობაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აპრილის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა დამთავრდა 2004წ. 29 მარტს. ხარვეზი ამ ვადაში არ იქნა შევსებული.
ის გარემოება, რომ გ. მ-ე სხვა საქმესაც აწარმოებდა სააპელაციო სასამართლოში და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, არ ათავისუფლებს მას მეორე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის და 374-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
გ. მ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აპრილის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მას სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 1,5%-ის გადახდა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში, იმავე განჩინებაში აღნიშნა, რომ გ. მ-ემ კერძო საჩივარში უნდა მიუთითოს თავისი მოთხოვნის თაობაზეც.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს; სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საფოსტო შეტყობინების ბარათით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ, გ. მ-ეს ჩაბარდა 2004წ. 12 ოქტომბერს. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა დამთავრდა 18 ოქტომბერს, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აპრილის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა დამთავრდა 2004წ. 29 მარტს. ხარვეზი ამ ვადაში არ იქნა შევსებული.
გ. მ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აპრილის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მას სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 1,5%-ის გადახდა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში, იმავე განჩინებაში აღნიშნა, რომ გ. მ-ემ კერძო საჩივარში უნდა მიუთითოს თავისი მოთხოვნის თაობაზეც.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ, გ. მ-ეს ჩაბარდა 2004წ. 12 ოქტომბერს. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა დამთავრდა 18 ოქტომბერს, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა გ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. სსკ-ის 38-ე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით კერძო საჩივარზე. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივრისათვის, რაც შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ს. იმის გამო, რომ გ. მ-ეს კერძო საჩივარზე არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი გადახდილი, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი. ამ ნორმაში მითითებულია, რომ, თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
ვინაიდან გ. მ-ემ სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო კერძო საჩივარზე ხარვეზი, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აპრილისა და 10 ნოემბრის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.