დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2014
საქმის ნომერი
852აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№852აგ-13 26 თებერვალი, 2014 წელი

ც-ე თ.- 852აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით თ. ც-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 3 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 16 ივლისიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის დადგენილებით გაუქმდა თ. ც-ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განაჩენით თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ც-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 27 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 2 თვე, 29 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით, 2 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 წელი, 2 თვე, 25 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ც-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 8 თვე, 25 დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა თ. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ც-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ც-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა:

2003 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად;

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც -1 წელი და 3 დღე ჩაეთვალა მოხდილად;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 თვე, 27 დღე და განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 2 თვე, 26 დღე და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით, 8 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. ც-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში თ. ც-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს 2008 წელს, ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განაჩენი) მიერ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გამოტანამდე.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ. ც-ე გასამართლებულია 2007 წელს განზრახი დანაშაულის (სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) ჩადენისათვის, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სასჯელის შეკრების წესით დანიშვნის ძალაში დატოვება შეესაბამება 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებს, კერძოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ თ. ც-ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ თ. ც-ეს საბოლოო სასჯელი - 8 წლით, 8 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 7 ნოემბრიდან, განსაზღვრული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი თ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი