გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 18.05.2005
საქმის ნომერი
ას-1349-1471-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1349-1471-04 18 მაისის, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა-ის“ მიმართ და მოითხოვა მისთვის თანხის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მსუბუქი ავტომობილების ავტოსატრანსპორტო საწარმოსა და შპს „მ-ას“ შორის 1996წ. 25 მარტს დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, შპს „მ-ას“ უნდა ესარგებლა ავტოსაწარმოს ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობებით, თავის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან შემოსული ავტოტრანსპორტის სადღეღამისო სადგომის მოსაწყობად, ასევე, მძღოლებისა და მათი თანხმლები პირების მომსახურებისათვის. შენობა-ნაგებობების შეკეთებას ორივე მხარე აწარმოებდა ერთობლივი ფინანსებით.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „მ-ის“ მიერ 1996, 1997, 1998 წლებში ავტოსატრანსპორტო საწარმოში მდებარე თბილისში, ...... ჩატარებულმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 93095 აშშ დოლარი, რაც იმდროინდელი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 119353 ლარს, რასაც ასევე ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 6 მარტის წერილი.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ავტოსაწარმოს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ა-ი“.

2001წ. 8 აგვისტოს შპს „მ-ის“ დირექტორ _ შ. დ-ესა და გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც შპს „მ-ამ“ გ. ჭ-ეს გადასცა შპს „ა-ის“ დავალიანების _ 93095 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე შპს „ა-ს“ დაეკისრა 93095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გ. ჭ-ის სასარგებლოდ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით კი ამავე სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების განმარტების ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით ერთი თვის ვადაში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

შპს „ა-მა“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

შპს “ა-მა” კერძო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა-მა“ დირექტორის ბ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გ. ჭ-ემ 2002წ. 13 ნოემბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ დირექტორის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

შპს “ა-ის“ დირექტორმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინებით შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება; შპს „ა-ს“ გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა; შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გ. ჭ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 10 ივნისის განჩინებით გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის საოქმო განჩინება და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ჭ-ის წარმომადგენელი დ. ს-ის შუამდგომლობა, საქმე დაუბრუნდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს გ. ჭ-ის კერძო საჩივრის განსახილველად ამავე სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებაზე, შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა წარმოება, რაიონულ სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვამდე.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს განჩინებით გ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარზე;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით გ. ჭ-ის წარმომადგენელ დ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის სხდომის ოქმში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა გადაიდო 14 დღით და რომ გამოცხადდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. სხდომის ოქმში მითითებულია, რომ სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება; აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით გაკეთებულია საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ, სსკ-ის 257-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად. თუ სასამართლო სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა, იგი საქმისთვის უნდა დაერთო. საქმის მასალების თანახმად კი სარეზოლუციო ნაწილი არ არის დართული. სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება მხარეთათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. იმავე სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით შესწორდა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და მითითებული იქნა, რომ გასაჩივრების ვადა აითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან, სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ, ამჟამად ეს განჩინება გაუქმებულია იმავე რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს განჩინებით. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 257-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დადგენილად ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 25 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება. პალატამ იქვე მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი შპს „ა-ის“ დირექტორი ბ. დ-ი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვალა 2001წ. 25 სექტემბრიდან, რომელიც დამთავრდა 2001წ. 25 ოქტომბერს, აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2001წ. 22 ნოემბერს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ იგი სსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანილად ჩათვალა.

შპს „ა-ის“ წარმომადგენელმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში, მაგრამ სასამართლოს მიერ გასაჩივრებისათვის მიცემული ერთთვიანი ვადის გასვლამდე იმავე სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით შეიცვალა რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად მითითებულ იქნა გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღე. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინების შინაარსი შპს „ა-ისათვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე დღეში, ხოლო რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი მას ჩაბარდა 2001წ. 29 ოქტომბერს. შპს „ა-მა“ რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინების მითითების შესაბამისად სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2001წ. 22 ნოემბერს, ე.ი. ერთთვიანი ვადის გასვლამდე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება გაუქმებულ იქნა იმავე სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს განჩინებით და შპს „ა-ის“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის ე.ი. 2001წ. ნოემბრისათვის იგი არ იყო გაუქმებული.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სსკ-ის 369-ე და 257-ე მუხლების გამოყენების თაობაზე, რადგან შპს „ა-ი“ სააპელაციო საჩივრის შეტანისას ხელმძღვანელობდა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით.

სააპელაციო პალატამ თავის განჩინებაში ვერ მიუთითა, კონკრეტულად რაში გამოიხატა შპს „ა-ის“ მიერ საპროცესო კანონის დარღვევა რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინების არსებობის პირობებში; აღნიშნულის გარკვევას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება და შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების საფუძვლიანობის გამორკვევისას, სხვა უფლებებთან ერთად აღჭურვილია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე ასევე ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების განხორციელება იმგვარად, რომ მხარეებს ზუსტად და ნათლად განუმარტოს მათი უფლებები.

სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ამ ნორმით კანონმდებელი სასამართლოს ავალდებულებს, საქმეში მონაწილე მხარეებს ნათლად და გარკვევით მიუთითოს, თუ რა წესით შეიძლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, რა ვადაში, საიდან უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლამდე, 2001წ. 11 ოქტომბერს იმავე სასამართლომ მხარეებს განუსაზღვრა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლებოდა სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. მართალია, ამჟამად რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება გაუქმებულია, მაგრამ შპს „ა-ის“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის ეს განჩინება მოქმედებდა, იგი არ იყო გაუქმებული და საქმის მასალებში არ მოიპოვება სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული განჩინების შეჩერების თაობაზე. სსკ-ის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. ამ ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შემთხვევაშიც შპს „ა-ს“ შეეძლო ემოქმედა ამ განჩინებით დადგენილი გასაჩივრების წესით. სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა კონკრეტულად რაში გამოიხატა შპს „ა-ის“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევა იმ პირობებში, როცა იგი მოქმედებდა სასამართლო განჩინებით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ამის გამო სასამართლომ გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობა ვარაუდზე დაფუძნებულად მიაჩნია, რადგან ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის სხდომის ოქმში არ არის მითითებული სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დროზე, ასევე, არ არის კონკრეტულად მითითებული, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა თუ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება, რის გამოც იგი სსკ-ის 188-ე მუხლის დარღვევით შედგენილად უნდა ჩაითვალოს. საქმეში მოცემულია საბეჭდ მანქანაზე შესრულებული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც არ წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოსამართლემ იგი სათათბირო ოთახში დაბეჭდა და შემდეგ გამოაცხადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ა-ს“ არ შეიძლება შეეზღუდოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება და შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.