შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№857აგ-13 20 თებერვალი, 2014 წელი
მ-ე გ, 857აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ მას განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 6 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა შეადგინა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 6 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის განაჩენები, ასევე თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. მ-მ წინა განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.
ამდენად, გ. მ-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და გ. მ-ს უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელი – 2 წელი და 3 თვე და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2010 წლის 6 მარტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
გ. მ-ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი, რის გამოც გ. მ-ს განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი – 2 წელი და 3 თვე და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 6 მარტიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი