დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №928აგ-13 25 თებერვალი, 2014 წელი
მ-ი შ., 928აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 3 თვე, 16 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 3 თვე და 16 დღე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 3 თვისა და 16 დღის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 ნოემბრიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 11 თვითა და 19 დღით პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 8 თვისა და 19 დღის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 17 მაისს მსჯავრდებულმა შ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით..
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 9 თვე და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით შ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 10 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული შ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას, სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, შ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. მ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი შ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე