დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№929აგ-13 24 თებერვალი, 2014 წელი
მ-ე კ.- 929აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განაჩენით კ. მ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით;
სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
კ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა კ. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით სასჯელი განსაზღვრული აქვს სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით) დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით კ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 4 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 3 თებერვლიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე კ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, ასევე წინა განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
კ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 3 თებერვლიდან.
მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა კ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კ. მ-ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და კ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
კ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 3 თებერვლიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა კ. მ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში კ. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ კ. მ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი კ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი