დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№950აგ-13 24 თებერვალი, 2014 წელი
მ-ი გ.- 950აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 6 მაისიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო დ. გ-ს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ:
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 6 მაისიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა გ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:
გ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 6 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენი და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. მ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში გ. მ-ს სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გ. მ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი გ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი