დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№965აგ-13 26 თებერვალი, 2014 წელი
ჭ-ე შ.- 965აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჭ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით შ. ჭ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 17 000 ლარის ოდენობით;
სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარი, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა - 1000 ლარი;
სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარი;
შ. ჭ-ეს სასჯელთა შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 20 000 ლარის ოდენობით.
შ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 3 ნოემბრიდან 2008 წლის 24 დეკემბრამდე.
მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შ. ჭ-ე, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
შ. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 10 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 4 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 3 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ:
შ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
შ. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 10 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით, 4 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ჭ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული შ. ჭ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები;
ამნისტიის შესახებ კანონი არ გავრცელდა შ. ჭ-ის მიმართ ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმებზე;
შ. ჭ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და შ. ჭ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის შუამდგომლობა, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შ. ჭ-ეს სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება შ. ჭ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა შ. ჭ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები საჩივარში უთითებენ, რომ მსჯავრდებული შ. ჭ-ე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან ამნისტიით სრულად გათავისუფლდა, შესაბამისად, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ითვლება ნასამართლობის არმქონედ და არ არსებობს დანაშაულის რეციდივი, რის გამოც ითხოვეს სასჯელის დანიშვნა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ შ. ჭ-ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენი, სსკ-ის 260-ე, 273-ე მუხლები) ჩადენისათვის, სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან ამ დანაშაულების ჩადენის დროს - 2009 წელს შ. ჭ-ე არ იყო სასჯელისაგან გათავისუფლებული (სრულად) და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად, კასატორის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა არ იზიარებს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში შ. ჭ-ეს სასჯელი განსაზღვრული აქვს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შ. ჭ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ. ჭ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენი შ. ჭ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი