დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.03.2014
საქმის ნომერი
958აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №958აგ-13 7 მარტი, 2014 წელი

მ-ი მ., 958აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით მ. მ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 აპრილიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 23 მაისს მსჯავრდებულმა მ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელების ნაწილი – 1-1 წელი, 376-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან – 6 თვე და მ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენი და 2013 წლის 22 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი მ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე