დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2014
საქმის ნომერი
989აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№989აგ-13 4 მარტი, 2014 წელი

კ-ე ხ.- 989აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ხ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ხ. კ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ხ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ხ. კ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 5 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

ხ. კ-ეს 5 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ხ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50–ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 8 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა და სასჯელად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 8 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ხ. კ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით , 8 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. ხ. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 5 აგვისტოდან იმავე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ხ. კ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ხ. კ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 2 წლით (საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა 2 თვით და 8 დღით, პირობითი მსჯავრი 1 წლით, 9 თვითა და 22 დღით) და მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე და 22 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის, 2 თვისა და 8 დღის გამოსაცდელი ვადით;

მსჯავრდებული ხ. კ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;

საბოლოოდ მსჯავრდებულ ხ. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი, 3 თვე და 22 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის, 2 თვისა და 8 დღის გამოსაცდელი ვადით. ხ. კ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა - 2009 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 5 აგვისტოდან იმავე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით შეიცვალა, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. კ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. კ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 7 თვე და 19 დღე და მსჯავრდებულ ხ. კ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი, 2 თვე და 11 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის, 2 თვისა და 8 დღის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 5 აგვისტოდან იმავე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ხ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ხ. კ-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ხ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი ხ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი