შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.03.2014
საქმის ნომერი
995აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№995აგ-13 4 მარტი, 2014 წელი

ქ-ე ი.- 995აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ი.ქ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე - ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე - ჩაეთვალა პირობით;

ი. ქ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ი. ქ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 13 მაისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ქ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ი. ქ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 13 მაისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ი. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ქ-ისათვის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას და 4 თვითა და 15 დღით პირობით მსჯავრს - დაემატა (ნაწილობრივ) სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 თვითა და 15 დღით - პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ი. ქ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვე - ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 7 თვის გამოსაცდელი ვადით.

ი. ქ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 13 მაისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა ი. ქ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება. ამასთან, მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავდაპირველად ნაწილობრივ უნდა შეეკრიბა დანიშნული სასჯელები, ხოლო შემდეგ უნდა გამოეკლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ ი. ქ-ე გასამართლებულია (2006 წელს, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით) განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულების მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში ი. ქ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ი. ქ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით ი. ქ-ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპით განსაზღვრის შედეგად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 7 თვე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ი. ქ-ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს თავდაპირველად ნაწილობრივ უნდა შეეკრიბა დანიშნული სასჯელები, ხოლო შემდეგ გამოეკლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელი, უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა არ იზიარებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ი. ქ-ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი