დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2014
საქმის ნომერი
1004აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1004აგ-13 4 მარტი, 2014 წელი

თ-ე თ.- 1004აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენით თ. თ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თ. თ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს განაჩენით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტები) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 12 იანვრიდან.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო მ. კ-ს.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით, კერძოდ:

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტები.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. თ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 12 იანვრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა თ. თ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თ. თ-ისათვის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, თ. თ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 12 იანვრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა თ. თ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში თ. თ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ თ. თ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი თ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი