დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1029აგ-13 4 მარტი, 2014 წელი
გ-ა მ.- 1029აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით მ. გ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ე. ბ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ვ. ხ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ა. ო-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. გ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ა. კ-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული მ. გ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან;
მასვე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 2 სექტემბრიდან.
მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა მ. გ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების მიხედვით მ. გ-ა ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (2007 წლის 8 ოქტომბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. გ-ასათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენი მ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი